" საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ"
27/03/2020 08:21:43 საზოგადოება
"მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან, საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ", - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განაცახადა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, თუ მოქალაქეები გადაუდებელი საჭიროების გარდა სხვა შემთვევაშიც აქტიურად გავლენ ქუჩაში, ისინი პროცესების სწორად მართვაში სახელმწიფოს ხელს შეუშლიან:
„მნიშვნელოვანია საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, სახლში დარჩენით ჩვენ საზოგადოება ძალიან დაგვეხმარება, რომ პროცესები სწორად ვმართოთ და თუ ქუჩაში გადაუდებელი შემთხვევების მიღმა ისინი იმოძრავებენ აქტიურად, ძალიან შეგვიშლიან ხელს პროცესების მართვაში, რომ შევარჩეროთ, შევაფერხოთ ინფექციის მასიური გავრცელება. თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან, საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ. როცა მისი შემოღების გადაუდებელი საჭიროება დადგება, ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ თავიდან ავიცილოთ მასიური გავრცელება".
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.


