ექიმი: "საქართველოში ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა"
26/03/2020 10:46:18 საზოგადოება
საქართველოში ორსულ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლნისში მყოფ ორსულს ქალს დაავადება სწრაფი ტესტის მეშვეობით გამოუვლინდა.
"ქალი მოთავსდება ჩვენი კლინიკის სამეანო განყოფილებაში. მკურნალობაში ჩაერთვებიან როგორც ინფექციონისტები, ისე მეან-გინეკოლოგები", – განაცხადა ტურძელაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული. 77 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 21 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 471,000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


