Accentnews.ge
გიორგი გრიგოლია: "ჩვენ არც ისე შორს ვდგავართ წამლისა და ვაქცინისგან, ალბათ, არა უმეტეს რამდენიმე კვირა გვაშორებს"

გიორგი გრიგოლია: "ჩვენ არც ისე შორს ვდგავართ წამლისა და ვაქცინისგან, ალბათ, არა უმეტეს რამდენიმე კვირა გვაშორებს"

26/03/2020 08:22:05 საზოგადოება

"ჩვენ არც ისე შორს ვდგავართ წამლისა და ვაქცინისგან", - ამის შესახებ მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მიუნხენის ერთ-ერთი კლინიკის უფროსმა ქირურგმა, პროფესორმა გიორგი გრიგოლიამ „იმედის დილაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის შესაქმენლად ტუბინგენის უნივერსიტეტში ერთ-ერთი მეცნიერი აქტიურად მუშაობს და სავარაუდოდ, ვაქცინა სექტემბრისთვის იქნება.

„ჩვენ არც ისე შორს ვდგავართ წამლისა და ვაქცინისგან, ალბათ არა უმეტეს რამდენიმე თვე გვაშორებს. შეიძლება კვირებიც. ვაქცინასთან დაკავშირებით შემდეგი მოსაზრებაა: კურავაქიე, ტუბინგენში ძალიან ინტენსიურად მოღვაწეობს ვაქცინის შესაქმნელად. რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში იქნება. თუმცა, შეიძლება გაცილებით ადრე იყოს“, - დასძინა გიორგი გრიგოლიამ.

ამასთან, კორონავირუსის გამოწვევებზე საუბრისას მიუნხენში მოღვაწე ქართველი პროფესორი მედპერსონალის კარანტინის რეჟიმში ყოფნის აუცილებლობის საკითხსაც შეეხო:

„მედპერსონალი ნებსით თუ უნებლიეთ შეიძლება, აღმოჩნდეს დაავადების გამავრცელებელი, ან თავად დაავადებული. მიმაჩნია, რომ მედპერსონალი კარანტინის სიტუაციაში უნდა გადავიდეს და ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდეს ან საავადმყოფოს შენობაში ან საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრიგადა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს, ის ბრიგადაც უნდა დაიყოს დღის და საღამოს მონაკვეთებად და უნდა არსებობდეს ბრიგადა, რომელიც ორი კვირის შემდეგ შეცვლის ამ პირველ პრიგადას“.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული. 77 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 21 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 471,000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S