პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
26/03/2020 07:43:27 საზოგადოება
მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჰოსპიტალიზებულ ჩვილს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჩვილის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.
„რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მინდა, აქვე ვთქვა, რომ ბაბუა რეკავს ამ ბავშვთან დაკავშირებით და თქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. დედა მარნეულში იმყოფება“, - განაცხადა ექიმმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული. 77 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 21 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 471,000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


