GIP – გამოკითხულ ექსპერტთა უმეტესობა საქართველოს ბრძოლას COVID-19-ის წინააღმდეგ დადებითად აფასებს, მართლმადიდებელ ეკლესიას კი აკრიტიკებს
26/03/2020 06:44:37 საზოგადოება
23-25 მარტს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) რიგით მე–11 ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. 40-მა ქართველმა და საერთაშორისო მკვლევარმა და პოლიტიკის ექსპერტმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, მათი უმეტესობა საქართველოს ბრძოლას COVID-19-ის წინააღმდეგ დადებითად აფასებს, მართლმადიდებელ ეკლესიას კი აკრიტიკებს.
„გამოკითხვამ აჩვენა ზოგადი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების მთავრობა ეფექტურად მუშაობს COVID-19-ის გავრცელების გამოწვევების დასაძლევად. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ექსპერტთა გამოკითხვის ფარგლებში მთავრობამ ერთხმად მიიღო დადებითი შეფასება როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტების უმრავლესობის მხრიდან. რესპონდენტების 77%-მა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები, ხოლო 20% ამ ზომებს არც დადებითად აფასებს და არც უარყოფითად. 40-დან მხოლოდ ერთმა ექსპერტმა შეაფასა მთავრობის მიერ მიღებული ზომები უარყოფითად.
მთავრობის ქმედებები, ასევე, დადებითად შეფასდა სხვა ინსტიტუტებთან შედარებით და გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ეროვნული ჯანდაცვის სისტემის შემდეგ, რომელიც, თავის მხრივ, ასევე სამთავრობო სისტემის ნაწილია. მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის აქტივობა, ასევე, პოზიტიურად არის აღქმული ექსპერტების მიერ: ამ ინსტიტუტებმა გამოკითხვაში მესამე და მეოთხე ადგილი დაიკავეს. რაც შეეხება, საქართველოს მოქალაქეების ქცევას COVID-19-ის კრიზისისას, ის შედარებით უარყოფითად მიიჩნევა და ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს.
რესპონდენტების გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედებები კრიზისის დროს ყველაზე უარყოფითად შეფასდა (გრაფიკი 3). ეკლესიამ გამოკითხვაში ბოლო ადგილი დაიკავა მნიშვნელოვანი სხვაობით და ერთადერთი აქტორია, რომელმაც ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო (1 ქულა 5-დან) როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტების დიდი უმრავლესობის მხრიდან GIP-მ ცალკე სთხოვა რესპონდენტებს, შეეფასებინათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება, არ შეეცვალათ ზიარების წესი. ამ შემთხვევაშიც, შეფასება იყო უარყოფითი: ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების 92%-მა აღნიშნული გადაწყვეტილება „უარყოფითად“ შეაფასა და მხოლოდ 8%-ის შეფასება იყო „არც დადებითი და არც უარყოფითი“. არც ერთმა ექსპერტმა არ შეაფასა ეკლესიის გადაწყვეტილება „დადებითად“, – ნათქვამია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევაში.
ორგანიზაციის ცნობით, წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა გამოკითხა სპეციალისტები, მკვლევარები და ექსპერტები, რომლებიც მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან და მუშაობენ საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რესპონდენტების უმეტესობას არ აქვს ეპიდემოლოგიის ან ჯანდაცვის სფეროების კვლევის ან მათზე დაკვირვების გამოცდილება. გამოკითხული 40 ექსპერტიდან 20 არის ქართველი, ხოლო დანარჩენი 20 - უცხოელი. რესპონდენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ისინი „სრულად“ ან „ნაწილობრივ“ არიან ინფორმირებული საქართველოში COVID-19-ის გავრცელებისა და მის წინააღმდეგ მიღებული პოლიტიკური ზომების შესახებ.


