საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა
26/03/2020 06:38:30 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.
77 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა ამერიკის კლასტერს უკავშირდება.
„გუშინდელი დილის მონაცემების შემდეგ დაგვემატა 5 ახალი შემთხვევა, დღეს დილით 77 შემთხვევა გვაქვს. აქედან 34 პაციენტი ჩვენთან არის მოთავსებული, 10 გაწერილია, დანარჩენი 33 განთავსებულია 5 მიმღებ სხვა კლინიკაში. ამ 5 მიმღებ კლინიკას კიდევ დაემატა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ორი ჩვენს ცენტრში, 2 ახალი შემთხვევა დაემატა ჩვენს ცენტრს. ჩვენი შემთხვევის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ამერიკის ისტორიის კონტაქტია ჩვენს პაციენტთან დაფიქსირებული“, - განაცხადა ეზუგბაიამ.


