"მარნეულიდან გადმოყვანილი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია"
25/03/2020 14:00:16 საზოგადოება
"გუშინ ჩვენს კლინიკაში მარნეულიდან შემოვიდა ახალშობილი კრიტიკულ მდგომარეობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.
"პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან, დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. ახალშობილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს. რაც შეეხება ჩვილის დედას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის დადასტურებულად ინფიცირებული ჯერ–ჯერობით არ არის", - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი იმყოფება და მათგან ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:
"ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, 10 პაციენტი ინტენსიური მეთვალყუეობის ქვეშ არის“.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.


