თალაკვაძემ და კინზინგერმა კორონავირუსსა და ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს
25/03/2020 05:42:23 საზოგადოება
რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა.
როგორც კონგრესმენი სოციალურ ქსელ "ტვეიტერზე" წერს, საუბარი შეეხო ეკონომიკურ გამოწვევებსა და კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს.
"შესანიშნავი სატელეფონო ზარი მქონდა არჩილ თალაკვაძესთან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე. ასევე ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ყველა ვდგავართ. ჩვენი მეგობრობა და კავშირი ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის",-წერს კინზინგერი "ტვიტერზე".
მოგვიანებით კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურმა გაავრცელა. პრეს–რელიზის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენთან COVID19-თან დაკავშირებული ვითარება და ღონისძიებები, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილა.
„ადამ კინზინგერმა, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


