"ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდგინდა ვირუსი"
24/03/2020 19:54:00 საზოგადოება
ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე საბა მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.
როგორც მან "ფორმულას" ეთერში აღნიშნა, ვირუსი ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა.
„არ მინდა, პანიკა შეიქმნას, მაგრამ ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა ვირუსი, ამიტომ შევზღუდეთ ჩვენ მსახურებები. არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ იქნება ხვალ იმ რიგებში, რომელსაც ეს ვირუსი შეხვდება. შესაძლებელია, რომ მე ვარ, ან სხვა ადამიანი, ამიტომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ. დღეს ყველაზე მთავარი მოწოდება არის, დარჩით სახლში, სახლიდან ვილოცოთ, მოვეფეროთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამ ვირუსმა ესეც მოგვცა, რომ ოჯახები, ადამიანები ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ სახლებში და ახლა ერთად ცხოვრობენ, სხვა შეხედულებები გაუჩნდათ, ფიქრობენ სხვა ღირებულებებზე, რაც შეიძლება, ადამიანს დავიწყებული ჰქონდა. მეუფე გიორგი მარნეულის მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიქნებით ეკლესიაში, ვილოცებთ თქვენთვის და თქვენ სახლიდან ილოცეთ ჩვენთვის. აი ესეთი განცხადებები არის დღეს მისაბაძი, რომელიც მრევლმა უნდა ისმინოს“, - განაცხადა მეუფე საბამ.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსი 70 პირს დაუდასტურდა, მათგან 9 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონებადაა გამოცხადებული.


