"კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 3 ახალი შემთხვევა მეოთხეული გადაცემა არ არის, მათი ინფიცირების წყარო ცნობილია"
24/03/2020 18:26:56 საზოგადოება
"კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 3 ახალი შემთხვევა მეოთხეული გადაცემა არ არის, მათი ინფიცირების წყარო ცნობილია", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოს "პირველი არხის" გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ახალგამოვლენილი ექვსი შემთხვევა კავშირშია ძველ შემთხვევებთან, ანუ ყველა ამ შემთხვევას ერთი ხაზი უკავშირდება, ხოლო რაც შეეხება ცოტა ხნის წინ დადასტურებულ სამ შემთხვევას, ეს შემთხვევებიც ცნობილ კონტაქტებს უკავშირდება. ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, კონკრეტულად ვის უკავშირდება, თუმცა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური შესწავლა და მოგვიანებით ესეც გვეცოდინება. ეს არ არის მეოთხეული გადაცემა, რადგან ეს არის კონტაქტების ჯგუფში ჩატარებული შედეგები და ჯერ კვლავ ვრჩებით ცნობილი კლასტერების ფარგლებში“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 16 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 381,000–ს გადააჭარბა, 102 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 70 შემთხვევაა დადასტურებული. 70 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.


