მარნეულიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
24/03/2020 10:48:15 საზოგადოება
მარნეულიდან შეყვანილი პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გუშინ კიდევ ხუთი ტესტი ჩატარდა და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.
„დღეისათვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 47 პაციენტი. მათგან ერთი გუშინ, გამთენიისას გადმოიყვანეს მარნეულიდან. ეს პაციენტი არის რეანიმაციის განყოფილებაში. მას დადგენილი აქვს ორმხრივი პნევმონია, სეპტიური მდგომარეობა, თირკმლის უკმარისობა, რიგი თანმხლები დაავადებებით. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. გუშინ გაკეთდა ტესტირება და ნეგატიურია კორონავირუსზე. მიმდინარეობს მკურნალობა, პაციენტის მდგომარეობა ერთი დღის განმავლობაში გაუმჯობესდა და ვფიქრობთ, თავი უნდა გავართვათ ამ მძიმე მდგომარეობას. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს რამდენიმე გაეწერება ჩვეულებისამებრ. ჩვენთან მოძრაობა პაციენტების საკმაოდ ინტენსიურად ხდება. გუშინ კიდევ ხუთი ანალიზი გაკეთდა, ყველა ნეგატიურია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
კლინიკის დირექტორის თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიას კიდევ ხუთი პაციენტის ანალიზი გაუგზავნეს.
ამასთან, გოფოძე ამბობს, რომ როდესაც დაიწყება ქვეყანაში სწრაფი ტესტირება, რესპუბლიკური საავადმყოფო შეიცვლის სტატუსს იმ თვალსაზრისით, რომ კლინიკა მიიღებს პაციენტებს, რომლებსაც მიიყვანს სასწრაფო დახმარების მანქანა.


