რა აჩვენა მარნეულის გამოცდილებამ – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარი
24/03/2020 09:39:11 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მარნეულის გამოცდილებამ აჩვენა, რომ აუცილებელია, ცხელებიან პაციენტებთან მიმართებით ბაზისური ინფექციის კონტროლის ღონისძიებები დაცული იყოს.
მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის ეკიპირება მოხდება იმ ცენტრებში, სადაც კორონავირუსზე საეჭვო პაციენტი იქნება მოთავსებული.
„ჩვენი მთავარი აქცენტი სრული ეკიპირებისთვის არის ის ცენტრები, სადაც უშუალოდ COVID 19-ით დაავადებული საეჭვო შემთხვევების მკურნალობა იქნება. ჩვენ მარნეულის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ცხელებიან პაციენტებთან მიმართებით, ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ბაზისური ინფექციის კონტროლის ღონისძიებები დაცული იყოს. ამდენად, ჰოსპიტლები ამაზე მუშაობენ“, -აცხადებს თამარ გაბუნია.
მისწივე თქმით, მარნეულის შემთხვევაში საექიმო შეცდომას ადგილი არ ჰქონია:
„ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, რომელიც სხვა სომატური დაავადებებით იყო დატვირთული და ექიმების ყურადღება პირველ რიგში ამ სომატურმა დაავადებებმა მიიპყრო. ამ შემთხვევაში ძალიან კომპლექსური კლინიკური სურათი გვაქვს. დღეს ყველა ჰოსპიტალს აქვს შიდა პროტოკოლი, რომელიც ამბობს, რომ თუ პაციენტი ცხელებით შემოდის, ვიდრე გავერკვევით, რა ტიპის ცხელებასთან გვაქვს საქმე, იზოლირებული უნდა იყოს და ამ მიდგომას ჰოსპიტლები მიყვებიან. თუმცა ამ შემთხვევაში ცხელებაზე წინ მიდიოდა ის დატვირთული კლინიკური სურათი, რომელიც ამ პაციენტს ჰქონდა. სამწუხაროდ, ცხელებაზე ნაკლები ყურადღება იყო გამახვილებული“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 67 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 9 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
რაც შეეხება მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ 62 წლის ქალს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.


