მეცნიერები – ყნოსვისა და გემოს შეგრძნების უეცარი დაკარგვის შემთხვევაში შესაძლოა, პირი კორონავირუსის „ფარული გადამტანი“ იყოს
23/03/2020 16:49:46 საზოგადოება
ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების უეცარი დაკარგვის შემთხვევაში შესაძლოა, პირი ახალი კორონავირუსის „ფარული გადამტანი“ იყოს.
მათივე თქმით, დაკვირვება ჩაატარეს რამდენიმე ინფიცირებულ პაციენტზე და დაასკვნეს, რომ ინფიცირებულ პაციენტთა დაახლოებით მესამედი აღნიშნავს, რომ მათ უეცრად დაკარგეს ყნოსვისა და გემოს შეგრძნება, თუმცა რა აღენიშნებოდათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, მაგალითად, როგორიცაა ტემპერატურა და ხველა.
„ეს პაციენტები შეიძლება ფარული გადამტანები იყვნენ და არ არის გამორიცხული, სწორედ მათ გამოიწვიეს COVID-19-ის ასეთი სწრაფი გავრცელება“, – აცხადებენ მკვლევარები.
ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების უეცარი დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინონ თვითიზოლაცია, რათა დაავადების გავრცელება თავიდან აიცილონ.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 14 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 336 000–ს გადააჭარბა, 98 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 61 შემთხვევაა დადასტურებული. 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.


