გამყრელიძე – მარნეულის შემთხვევაზე: „საექიმო შეცდომასთან საქმე არ გვაქვს“
23/03/2020 14:45:10 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მარნეულის შემხვევის კონტექსტში საექიმო შეცდომასთან საქმე არ გვაქვს. საქმე ეხება ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ შუა ხნის ქალბატონს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ცნობილია, რომ ქალბატონმა მარნეულში კლინიკას 18 მარტს მიაკითხა, კორონავირუსზე ტესტი კი მოგვიანებით ჩაუტარდა. ის თბილისში გადმოიყვანეს, კლინიკა კი ამჟამად კარანტინის რეჟიმია. რაც იმას გულისხმობს, რომ კლინიკა საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს, სხვა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს კი ვერ მოემსახურება.
„ქალბატონმა ჩვეულებრივი რესპირაციული სიმპტომებით მიმართა ექიმს. ქალბატონს არ დაკლებია არაფერი, რაც რესპირაციული დაავადების დროს სჭირდება. შესვლისას ის არ იყო მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი, რომელიც არის განსაზღვრებაში [კორონავირუსის]“,– განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ სიმპტომის გამოხატვის შემდეგ გამოიძახს კლინიკაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბრიგადა.
რაც სეეხება ქალბატონის ეპიდანამნეზს, მისი ინფორმაციით, პაციენტი ბოლო თვის განმავლობაში არ იმყოფებოდა აზერბაიჯანში, 11 მარტს იყო წლისთავზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სტუმრები აზერბაიჯანიდან:
„ქალბატონს ბევრი კონტაქტი ჰქონდა, ეწეოდა წვრილმან ბიზნესს. კარანტინი გამოვაცხადეთ იმიტომ, რომ ჩაღრმავებული ეპიდკვლევებით პირველწყაროზე ვერ გავედით“.
ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 8 გამოჯანმრთელდა.
21 მარტიდან საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, 23 მარტიდან ბოლნისი და მარნეული საკარანტინო ზონად გამოცხადდა.


