რამდენი პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ – ცერცვაძის განმარტება
23/03/2020 12:15:14 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
„ამჟამად საქართველოში 54 პაციენტია ოფიციალურად დადასტურებული. მათგან 36 მკურნალობს, ან მკურნალობდა ინფექციურ საავადმყოფოში, დანარენი 18 პაციენტი კი სხვა დაწესებულებებში მკურნალობს. ამ 54 პაციენტიდან მძიმე პაციენტი არის 5, მათგან სამი ინფექციურ საავადმყოფოშია და 2 საუნივერსიტეტო კლინიკაშია. მაგალითად ჩვენთან, ამ სამი პაციენტიდან ერთი 86 წლის არის, მეორე - 71 წლის. აქვთ მძიმე თანმხლები დაავადებები და ორმხრივი პნევმონია, ხოლო საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. კიდევ არის ერთი 80 წლის პაციენტი, რომელიც ასევე ძალიან მძიმეა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში.
მისივე თქმით, მარნეულის შემთხვევა არის პირველი ე. წ. მეოთხეული გადაცემა, როდესაც ეს ქალბატონი ვერ ასახელებს კონკრეტულ კონტაქტს, თუ ვისგან შეიძლებოდა, გადასდებოდა მას კორონავირუსი.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, მათგან 100 კონტაქტი დადგენილია, თუმცა, შესაძლოა, უფრო მეტი კონტაქტი არსებობდეს.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.


