მარნეულის კლინიკის თანამშრომელი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
23/03/2020 10:33:56 საზოგადოება
„ჟეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნინა კობახიძის ინფორმაციით, მარნეულის კლინიკის ერთ–ერთი თანამშრომელი, რომელსაც შეხება ჰქონდა ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან, ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკა კარანტინის რეჟიმშია, რაც ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კლინიკა მხოლოდ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს და არც ერთ სხვას.
„კლინიკა კარანტინის რეჟიმში გადავიყვანეთ, მოვახდინეთ ყველა ექიმისა და მედდის იდენტიფიცირება, ვისაც შეხება ჰქონდა პაციენტთა, ზოგიერთი თვითიზოლაციაშია ოჯახთან ერთად, ხოლო 14–მდე თანამშრომელი კლინიკაშია კარანტინის რეჟიმში. არც ერთ მათგანს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება.
ერთ–ერთი ასისტენტის მდგომარეობა არ მოგვეწონა – აღენიშნებოდა ცხელება და გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში. მაგრამ, რამდენადაც დღეს გვაქვს ინფორმაცია, მას სიცხე და სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა დაკვირვების ქვეშაა“,– განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თავდაპირველად სწორედ მარნეულის კლინიკაში იმყოფებოდა. ის ორი დღის წინ გადმოიყვანეს თბილისში. 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო უცნობია. ამ დროისთვის დადგენილია მისი 100–მდე კონტაქტი. მარნეული და ბოლნისი 23 მარტიდან კარანტინის რეჯიმშია გადაყვანილი.


