კარანტინის პირველი დღე: რა ხდება მარნეულსა და ბოლნისში
23/03/2020 07:25:06 საზოგადოება
22 მარტიდან ბოლნისსა და მარნეულში განსაკუთრებული საკარანტინო ზომები მოქმედებს: მოქალაქეებს ქალაქებში შესვლა და გამოსვლა აკრძალული აქვთ. ხოლო იმ პირებს, რომლებიც საგაგებო ზომების მიღებისას ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არ ცხოვრობენ, მარნეულისა და ბოლნისის დატოვებას ორი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებენ.
ჟურნალისტი მარნეულიდან კამილა მამედოვა ამბობს, რომ ამ დროისთვის მარნეულში ყველა ობიექტი დახურულია გარდა რამდენიმე გამონაკლისისა და ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები სოციალური სიმჭიდროვის განმუხტვის რეკომენდაციებს არ იცავენ.
„ყველა ობიექტი დახურულია, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიაებისა. რატომღაც სამრეცხაოები მუშაობს. ზოგადად, მარნეული ხალხმრავალია, რადგან ბაზარი ფუნქციონირებს, მაგრამ ამ დროისთვის ბაზარი დახურულია. შევამჩნიე, რომ ბანკომატებთან ხალხი არ იცავს დისტანციას. ეს შესამჩნევია და ამის გამო შენიშნვაც მიიღეს ჩემგან“,– განაცხადა ჟურნალისტმა "ტვ პირველთან".
მისივე თქმით, მიუხედავად რეკომენდაციებისა, 23 მარტამდე მარნეულში ხალხმრავალი ღონისძიებები მაინც ტარდებოდა. ის ფიქრობს, რომ გამკაცრებული ღნისძიება დაეხმარება ხალხის მობილიზებას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბოლნისიდან მაგდა დევნოზაშვილი ამბობს, რომ ანალიგიური ზომები მოქმედებს ბოლნისში, ხალხი ემორჩილება და ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ბოლნისსა და მარნეულში კი მკაცრი საკარანტინო ზომებია მიღებული.
ცნობილია, რომ საქართველოში დაფიქსირდა ე.წ. მეოთხეული გადაცემის ფაქტი, რაც იმას გულისხმობს, რომ ინფიცირების წყარო არაა მიკვლეული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შუახნის ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძიებაზე – წლისთავზე დაინფიცირდა, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ღონისძიება 11 მარტს ჩატარდა. ქალმა მარნეულში სამედიცინო დაწესებულებას 18 მარტს მიმართა. მანამდე ის გადაადგილდებოდა და კონტაქტი ჰქონდა ათობით ადამიანთან.
აღნიშნული ზომების მიღებამდე მოქალაქეები მარნეულიდან ადგილზე საგანგებო ზომების მიღებას ითხოვდნენ. როგორც სამოქალაქო აქტივისტი ნონა სამხარაძე აცხადებდა, მოქალაქეებს არსებული მდგომარეობის შესახებ ადეკვატური ინფორმაცია არ მიეწოდებოდა, მათ შორის კორონავირუსის სიმპტომების თაობაზე და მოქალაქეები საკითხს სერიოზულად არ უდგებოდნენ:
„როდესაც პრემიერმა განაცხადა, რომ იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, ქალაქში გავედი და შეცვლილი არაფერი იყო: ყველა ობიექტი მუშაობდა. გარდა ამისა, მარნეულში აღნიშნავენ ნოვრუზ ბაირამს. ეს ისეთი დღესასწაულია, რომელსაც ყველა ელოდება, ბრუნდებიან ოჯახში და ბევრ ადგილას სტუმრობდნენ. ხელისუფლებას ადგილობრივი კონტექსტი უნდა გაეთვალისწინებინა და მიეღო ზომები. შეუძლებელია ყველას კარანტინში გადაყვანა. ამიტომ, ზომების მიღება იყო საჭირო. ახლა შედარებით მშვიდად ვარ, მაგრამ რამდნიმე ადამიანმა მომწერა, რომ წესებს არ იცავენ მოქალაქეები“.
ამასთან ის არ იზიარებს პოზიციას, რომ იფიცირებულმა პაციენტმა მისი მდგომარეობის შესახებ დამალა:
„ვფიქრობ, სათანადო კომუნიკაცია არ შედგა ექიმდსა და პაციენტს სორის სათანადო. ესაა პრობლემა, რაზეც ვსაუბრობდით წლების განმავლობაში. ქალს ორი კვირა რომ ჰქონდა სუნთქვის უკმარუსობა, ვერ აცნობიერებდა ბოლომდე. არ მჯერა, რომ მან მიზანმიმართულად დამალა. როდესაც ვსაუბრობ ინფორმირების ნაკლებობაზე, სწორედ ამ სახის ინფორმაციასაც ვგულისხმობ.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ერთგვარი პანიკა იყო. არავინ ელოდა, რომ კლინიკა 4 დღე გააჩერებდა კორონავირუსიან პაციენტს და სანამ არ დამძიმდა, განგაშის ზარები არ ატეხეს. ხელების დაკაპიწება არ იგრძნობოდა მარნეულში“.


