ამირან გამყრელიძე მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას მიმართავს
23/03/2020 05:04:03 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, არ არ დატოვონ მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
მისი ინფორმაციით, მარნეულში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკა გარდაიქმნება ე.წ. ცხელების მიმდინარე დაავადებების კლინიკად და ყველა მცხოვრებმა, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურა, უნდა მიაკითხოს აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას.
„სამედიცინო პერსონალი ადგილობრივი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინსტრუქტაჟით, ასევე ადგილობრივი რწმუნებულების მეშვეობით, ყველა სოფელში ესტუმრებიან ყველა ოჯახს და სთხოვენ, თუ სადმე ტემპერატურით ადამიანი გახლავთ, აუცილებლად მივიდნენ ამ ჰოსპიტალში. იქ იმუშავებენ ჩვენი – დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, აეღება ყველა სიცხიან ადამიანს ნიმუში ცხვირ-ხახიდან და თითოეული ნიმუში გაიტესტება ახალ კორონავირუსზე. ამავე დროს, ეთხოვებათ, რომ აუცილებელია, ამ კლინიკაში დარჩნენ 24 საათის განმავლობაში, სანამ არ იქნება ნიმუშების პასუხები. თუ პასუხი იქნა უარყოფითი, რა თქმა უნდა, ისინი გათავისუფლდებიან და დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, როგორიც დადგენილია ამ ორ მუნიციპალიტეტში. სადაც იქნება დადებითი შემთხვევა, ისინი დარჩებიან კლინიკაში და შემდგომ სამკურნალოდ გადაიყვანენ უკვე სპეციალიზებულ ინფექციურ კლინიკაში, ან კლინიკებში, რომელიც დასახელებულია კორონავირუსის სამკურნალოდ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.


