ფინანსთა მინისტრი: "დენის ვაუჩერზე არის საუბარი"
22/03/2020 19:00:23 საზოგადოება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ცნობით, მთავრობა მოსახლეობის დასახმარების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ელექტროენერგიის ვაუჩერებსაც.
„არის სხვადასხვა ვარიანტები. ღიად გეტყვით, არის მაგალითად, რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე საუბარი, რომლითაც შეიძლება, შეამსუბუქო. არის მეორე ნაწილი ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, რომ ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რომ მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, დახმარებამ მაქსიმალურად უნდა მოიცვას ერთმანეთისგან განსხვავებული დაზარალებული მიზნობრივი ჯგუფები:
„თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით სხვა სიტუაციაა, მსხვილს კომპანიებში ვინც არის დასაქმებული და ვისაც დიდი ხელფასი ჰქონდა, მათ დანაზოგი აქვთ და მათთან სხვანაირი მოდელი უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს ბიუჯეტს ამ სოციალური მიზანშეწონილობის პრობლემატიკის გათვალისწინებითაც ვაკეთებთ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე. ვიცით, გვჯერა და ასეც იქნება, რომ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. შემდგომში შენელებული ეკონომიკა როგორ უნდა დასტიმულირდეს და რა საშუალებებით, ამაზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ჩვენს დონორ ორგანიზაციებთან. დღევანდელ დღეს თქვენ ისმენთ ბევრ სხვადასხვა ტიპის, სოციალური მხარდაჭერის შეთავაზებებს. ჩვენ აბსოლუტურად ყველას ვისმენთ, ვაანალიზებთ, ვთვლით”.
ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოში 21 მარტს ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.კარანტინის რეჟიმში 3254 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.


