ნათია თურნავა: „საკარანტინო სივრცეების საჭიროება გაორმაგდება“
22/03/2020 11:49:43 საზოგადოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „საკარანტინო სივრცეების საჭიროება პრაქტიკულად გაორმაგდება“.
“ყველა მოქალაქე, ვინც გადმოკვეთს ჩვენს საზღვარს, აუცილებლად გაივლის ორკვირიან კარანტინს. ეს არის ორგანიზებული კარანტინი. მთელი ჩვენი დაცვის სტრატეგია ეფუძნება ძალიან ძლიერ პრევენციას, შესაბამისად, ეს ზომები კიდევ უფრო გაძლიერდება. საკარანტინო სივრცეების საჭიროება პრაქტიკულად გაორმაგდება, ოთახებისა და სასტუმრო სივრცეების საჭიროება რადიკალურად გაიზრდება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ სიტუაციაში საგანგებო ზომებსაც მივმართოთ და წინასწარ მინდა ვთხოვო სასტუმრო ბიზნესს, რომ გაგებით მოეკიდოს ამსაგანას. რა თქმა უნდა, იგულისხმება სივრცეების დათმობა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი არის თითოეული ჩვენგანის დაცვა”,– განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის: საქართველოში ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.


