კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გახდა ცნობილი
21/03/2020 11:39:29 საზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ერთ-ერთ კლასტერს უკავშირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ორი პაციენტია გორში, რომელთა მოგზაურობის ისტორია უკავშირდება საფრანგეთს; ერთი პაციენტი თბილისში არის მოთავსებული, რომელიც არის კონტაქტი ერთ-ერთი ცნობილი კლასტერისა თბილისში. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი შემთხვევა, ახლა დაემატა ერთი ინფიცირებული. ისიც თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. ისიც ასევე უკავშირდება ერთ-ერთ კლასტერს",– განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოება შიდა გავრცელებისთვის უნდა მოემზადოს.
"ეს არის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. პრაქტიკულად მთელი ქვეყანა უკვე მზად უნდა ვიყოთ ვირუსის შიდა გადაცემისათვის. ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრის, რაც მთავრობის მიერ აქამდე იყო მიღებული, აღსრულება მოხდეს. ეს ყველაფერი უკეთესად გაკეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა.


