ეზუგბაია: "44 პაციენტიდან ოთხი კვლავ პრობლემურია"
20/03/2020 16:33:42 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, რადგან მათ ასაკთან ერთად, თანმხლები დაავადებები აქვთ, რის გამოც შესაძლოა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ ეტაპზე გართულდეს.
“დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, 44 პაციენტიდან ოთხი კვლავ პრობლემური პაციენტია. ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონია. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ორი ასეთი პრობლემური პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პაციენტებთან ძირითადად ასაკის და თან არსებული დაავადებების გამო, მოსალოდნელია დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 44 შემთხვევაა გამოვლენილი, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.


