„პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ აშშ–ის FDA–მ გუშინ დაამტკიცა, ჩვენ თვენახევარია, ვიყენებთ“
20/03/2020 14:04:27 საზოგადოება
„პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ აშშ–ის FDA–მ გუშინ დაამტკიცა, ჩვენ თვენახევარია, ვიყენებთ“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის რეკომენდაციები, რომლებშიც ფრანგები „პლაქვენილს“ [„ჰიდროქსილქლოროკინი“] ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად ასახელებენ. გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ექსპერტების რჩევის საფუძველზე როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ პრეპარატის გამოყენება ლეგიტიმური გახდეს. ამის მოსმენის შემდეგ ჩვენ სამსახურში მცირე ზეიმიც კი გვქონდა, იმიტომ რომ, იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
იხილეთ ასევე: ტრამპი: „FDA–მ დაამტკიცა პრეპარატი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ ეფექტურია“
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. 42 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


