"ყველამ, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს"
20/03/2020 08:59:23 საზოგადოება
„ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფო საგანგებოდ მიიღებს პაციენტებს და ეს იქნება ემერჯენს ცენტრი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა.
„გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც პაციენტებს, საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ, იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი“,- განაცხადა მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. 42 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


