"კლინიკაში მყოფი ოთხივე ინფიცირებულის, მათ შორის 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა დადებითად ფასდება"
20/03/2020 08:24:37 საზოგადოება
"კლინიკაში მყოფი ოთხივე ინფიცირებულის, მათ შორის 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა დადებითად ფასდება", – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
„კლინიკაში ამ ეტაპზე 81 პაციენტია. გუშინ 16 საეჭვო შემთხვევა შემოვიდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტიდან მიღებული პასუხები, საბედნიეროდ, ყველა შემთხვევაზე უარყოფითია. რაც შეეხება ოთხ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული Covid 19-ით, მათი მდგომარეობა დღეისათვის სტაბილურია. ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დადებითი კლინიკური მდგომარეობით ფასდება ამ ეტაპზე. რაც შეეხება 80 წელს გადაცილებულ ქალს, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, გასულია 24 საათი. მისი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით. სუნთქვის უკმარისობის კლინიკური ხარისხი შემცირებულია. გუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია", – განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულებს მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლითა და გაიდლაინით მკურნალობენ:
"მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო პროტოკოლი არ გააჩნია მკურნალობის სტანდარტთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენი კლინიკა ხელმძღვანელობს მარსელის საუნივერსიტიტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლითა და გაიდლაინით. აღნიშნული მკურნალობის ჩატარებამ მოგვცა ეფექტი.
რაც შეეხება მარსელის ეფექტს, შეიმუშავეს პროტოკოლი და გაიდლაინი, რომელიც გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ორი პრეპარატის მიღებას. ამ ორი პრეპარატის მიღების შემდეგ, კვლევის ჩატარების შედეგად, დროის მოკლე პერიოდში პაციენტების 95%-ში სრულად გამოჯანმრთელება მიიღეს. პერიოდი განისაზღვრება 10-დან 14-დღემდე. ქალბატონ ელზასთან შეთანხმებით, რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე, შევიმუშავეთ შიდა პროტოკოლი და ამ პროტოკოლით ვხელმძღვანელობთ დღემდე. პრეპარატის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ".
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. 42 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


