საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთაგან ერთ-ერთი წლისთავზე იმყოფებოდა
19/03/2020 11:35:52 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული ერთ–ერთი პირი წლისთავზე იმყოფებოდა.
„რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე არის იდენტიფიცირებული და ისინი თვითიზოლაციაში არიან. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან ამ ადამიანებზე დაკვირვება მიმდინარეობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
არსებული ინფორმაციით, წლისთავში 238 ადამიანი იმყოფებოდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


