Accentnews.ge
როდის შეძლებენ კერძო ლაბორატორიები ქვეყანაში კორონავირუსის სწრაფი ტესტების შემოტანას

როდის შეძლებენ კერძო ლაბორატორიები ქვეყანაში კორონავირუსის სწრაფი ტესტების შემოტანას

19/03/2020 09:50:24 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ამჟამად სტრატეგიაზე მუშაობს. როგორც „აქცენტს“ უწყებაში განუცხადეს, როგორც კი სამინისტრო სტრატეგიაზე მუშაობას დაასრულებს კერძო ლაბორატორიებს ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანის საშუალება ექნებათ.

„ჯანდაცვის სამინისტრო სწრაფ ტეტსტებთან დაკავშირებით ამჟამად სტრატეგიაზე მუშაობს. პირველ ეტაპზე, როცა ახალი დაწყებულია ვირუსი ყველზე ეფექტურია პირის ღრუდან აღებული ნაცხის ტესტირება. შემდეგ ეტაპზე, როცა უკვე ვირუსი განვითარდება, სისხლის ტესტირება ხდება. ანუ, აქ განსხვავება არის ანტიგენებზე და ანტისხეულებზე, რითი იღებ ამ ტესტს, რითი აკეთებ. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიაზე რა იქნება უფრო ეფექტური მოსახლეობისთვის, რომ გაიტესტონ. ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან კერძო ლაბორატორიებმა ისეთი ტესტები არ შემოიტანონ, რაც პირველ ეტაპზე პასუხს არ იტყვის სწორად. ამიტომ ვარკვევთ ახლა რომელი იქნება სანდო პირველი ეტაპისთვის და რომელი შემდგომი ეტაპისთვის, რომელი ტესტირება სჯობია იმისთვის, ვინც უკვე გადაიტანა ვირუსი და ასე შემდეგ. როგორც კი გავწერთ სტრატეგიას შემდეგ ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ. რა თქმა უნდა, კერძო ლაბორატორიებსაც მიეცემათ უფლება, რომ შემოიტანონ ტესტები“, – განუცხადეს „აქცენტს“ ჯანდაცვის სამინისტროში.

თუმცა უწყება ვერ აკონკრეტებს დროს , სავარაუდოდ, როდის დასრულდება სტრატეგიაზე მუშაობა.

ცოტა ხნის წინ საკითხზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

თამარ გაბუნიამ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო "ხელოვნურად აფერხებს" კერძო ლაბორატორიებს, შემოიტანონ სწრაფი ტესტები ქვეყანაში.

„სამინისტროს მხრიდან არანაირი ხელოვნური შეფერხება არაა. სამინისტრო მიჰყვება დადგენილ წესს, რაც დაწესებულია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უხარისხო ტესტების შემოტანა ქვეყანაში. ხუთი განცხადება განიხილება რეგულირების სააგენტოს მიერ სწრაფი ტექსტების რეგულაციასთან დაკავშირებით, აქედან სამის განცხადება სრულად წესრიგშია მოთხოვნებთან, ორ შემთხვევაში დამატებითი საფუძვლები მოვითხოვეთ. როგორც კი წარმოდგენილი იქნება ეს დოკუმენტები, რეგულირების სააგენტო წარმოების პროცესს დაასრულებს. უნდა დავიცვათ ხარისხის უზრუნველყოფისთვის დაწესებული წესები, ხელოვნურ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია და არც ექნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ–ში, ჯორჯიის შტატში მდებარე ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტპროფესორმა, ინფექციონისტმა გიორგი კნდელაკმა განაცხადა, რომ "ჯანდაცვის სამინისტრო, სრულიად ხელოვნურად აფერხებს კლინიკური დიაგნოსტიკის თვალსაზრისით კორონავირუსის ტესტების რეგისტრაციას და ლაბორატორიების მიერ მათი შემოტანის პროცესს".

"ეს არასწორი პოლიტიკა დიდ საფრთხეს უქმნის კორონავირუსთან კლინიკური თვალსაზრისით ბრძოლის ეფექტურობას. ჩვენ ვიმყოფებით ეპიდემიოლოგიური ტალღის დარტყმის პირას და დაუყოვნებლივ გვჭირდება ტესტები! ეს უნდა გაიგონ სამინისტროში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა! გთხოვთ, ექიმები გავერთიანდეთ ამ მოთხოვნის ირგვლივ!", – წერს ინფექციონისტი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S