საკარანტიზო ზონებში იძულებით 127 პირია გადაყვანილი
19/03/2020 08:47:33 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
„სამინისტროს თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან, ასევე, თბილისიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი“, - ნათქვამია შსს–ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.


