„კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემურია“
19/03/2020 06:56:32 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტიდან 31 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მისივე თქმით, ერთ–ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია და აქვს თანმხლები დაავადება, რამაც შეიძლება, მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს.
„31-დან 3 პაციენტი არის პრობლემური და მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი პაციენტი არის 80 წელს გადაცილებული და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს და პროგნოზი არაკეთილსაიმედო გახდეს. გარდა ამ ქალბატონისა, კიდევ 2 პრობლემური პაციენტი გვყავს. მათთანაც არსებული დაავადება ერთთან არის ჰიპერტონული და მასთანაც შეიძლება, დაავადების გართულება და პროგნოზულად მძიმე გამოსავალი. მესამე მძიმე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ დინამიურად გაუარესებული გვაქვს მაჩვენებელი. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევებში ყველაფერი კარგად დამთავრდება. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ნაწილთან არის საშუალო სიმძიმის პნევმონიები და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის. ყველასთან მიმდინარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და ველოდებით, რომ დადგება სტაბილურობა,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, 80-წელს გადაცილებული პაციენტი ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს.


