„პაციენტი თბილისის ინფექციურში იწვება, თუ სხვაგან, პროცესი ჩვენი გუნდის სამართავია“
18/03/2020 17:35:44 საზოგადოება
თბილისის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინე ენდელაძის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესზე ზედმხედველობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს აქვს დავალებული. ამდენად, მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტი უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იქნება მოთავსებული, თუ სადმე სხვაგან.
„საქართველოში ბევრი ინფექციონისტია. გარდა ამისა, ყველგან, სადაც ინფიცირებულები დაწვებიან, მართვა დავალებული ბატონ თენგიზ ცერცვაძეს აქვს – ყველაფერი მასთან თანხმდება. ამასობაში დროც გადის, უკვე რაღაც სქემაა შემუშავებული, პრტაქტიკა ცოტა, მაგრამ მაინც მივიღეთ და ამის გაზიარება მოხდება. კლინიკებში, სადაც მზაობაა, რომ ინფიცირებული პაციენტები მიიღონ. დარწმუნებული ვარ, იქაც ისეთივე დონეზე მოხდება ინფექციის მართვა, როგორც ჩვენთან. პროცესი აუცილებლად სანდო ხელში იქნება. ჩვენი გუნდის წევრები კონსულტაციებს ამჟამადაც აწარმოებენ. ამდენად, პაციენტი თბილისის ინფექციურში იწვება, თუ სხვაგან, პროცესი ინფექციონისტების და ჩვენი გუნდის სამართავია“,– განაცხადა ენდელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებს 38 შემთხვევაა დადასტურებული. ცნობილია, რომ ინფიცირების შემთხვევების მატების პირობებში პაციენტებს თბილისის ინფექციურის გარდა კიდევ 4 კლინიკა მიიღებს, ხოლო თუ გამოთავისუფლებული ადგილები საკმარისი არ იქნება, პროცესებში კერძო სექტორიც ჩაერთვება.


