ენდელაძე – ინფექციონისტების პირობებზე: „დაგვიანება არა, მაგრამ ხელფასები ნამდვილად დაბალია“
18/03/2020 17:12:27 პოლიტიკა, საზოგადოება
ჩვენთან დაგვიანება არაა, მაგრამ ხელფასები ძალიან დაბალია,– ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინე ენდელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვა გასაგებია[დღეს პრემიერი იმყოფებოდა თბილისის ინფექციურში და ექიმებს მადლობა უთხრა] და დაინტერესდა, აისახება თუ არა მადლიერება რაიმე ტიპის წახალისებაში.
„ვიცით, რომ უცხოეთში მთავრობები ხელფასებს აღარ იღებენ და ექიმებს ურიცხავენ, საოცარი პირობები შეუქმნეს...“,– განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა და გაიხსენა ისიც, რომ საქართველოში, რიგ კლინიკებში მედპერსონალს ხუთი თვის სახელფასო დავალიანება აქვს.
„ჩვენთან დაგვიანება არაა [ხელფასების], მაგრამ ხელფასები ნამდვილად დაბალია“,– განაცხადა ენდელაძემ.
ჟურნალისტი დაინტერსდა, ზრუნავს თუ არა ვინმე ამ საკითხზე.
„როგორც მესმის, ზრუნავენ. მაგრამ ყველაზე მეტად იცით რაზე მინდა, რომ იზრუნონ? მე დიდი ხნის ინფექციონისტი ვარ და დიდიხან შეიძლება, არ ვიყო, მაგრამ მსგავსი გამოწვევები „კოვი 19“–ით არ დამთავრდება, კიდევ იქნება. მინდა, დაინახონ, რომ ამ დარგს მეტი მიხედვა და კარგი პირობების შექმნა სჭირდება. წარმოუდგენელია, ახლა პირობები რომ არ შეგვიქმნან“,– განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, თბილისის ინფექციურის შენობაში ამ დროისთვის პაციენტებისთვის საჭირო იდეალური პირობები არ არის და ინფრაქსტრუქტურის თვალსაზრისით პროტესტი იქნებოდა, თუმცა პაციენტები ვითარებას გაგებით ეკიდებიან.
ცნობისთვის: მოქალაქეებმა ინფექციონისტებს დღეს, 21:00 საათზე გაწეული შრომისთვის მადლობა "მადლიერების ტაშით" გადაუხადეს.
შეგახსენებთ, რომ ტერიტორია, სადაც ამჟამად ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებს, 2012 წლიდან გასხვისებულია. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, საავადმყოფოს ფუნქციონირება სხვა ტერიტორიაზე უზრუნველეყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციებთან ბრძოლა არაერთხელ გამოცხადდა ჯანდაცვის სფეროს მთავარ მიმართულებად, პრობლემა წლების განმავლობაში არ მოგვარებულა. ახალი ტიპის კორონავირუსის პირობებში საკითხი აქტუალური ისევ გახდა და ინფექციონისტებმა კვლავ მიიღეს დაპირება შენობის მიღების თაობაზე. როგორც ითქვა, შენობაც შერჩეულია.


