"დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ არის ის ინსტანცია, რომელიც მოხალისეობის ინსტიტუტს გამოიყენებს"
18/03/2020 08:57:37 საზოგადოება
"ლაბორატორიაში, კონტაქტების მოძიებასა და მოქალაქეების მეთვალყურეობაში მოხალისეებს ვერ გამოიყენებთ" , – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
„იყო კითხვები მოხალისეებთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ არის ის ინსტანცია, რომელიც მოხალისეობის ინსტიტუტს გამოიყენებს. ჩვენ მოხალისეს ვერ გამოვიყენებთ ვერც ლაბორატორიაში, ვერც კონტაქტების მოძიებაში და ვერც მოქალაქეების მეთვალყურეობაში. ამიტომ მოხალისეობის თემა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციებს სცდება. მოხალისეების ტრენინგიც არ არის საჭირო. დაავადებათა კონტროლის ცენტრს უამრავი სატრენინგო მასალა აქვს გავრცელებული. არსებობენ სამსახურები და მოვახდინეთ ტრენერების ტრენინგიც. მოხალისეები ძალიან კარგია, მაგრამ არის რაღაც სპეციფიკური სამუშაოები, სადაც მოხალისეებს ვერ გამოვიყენებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
იგი მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მუნიციპალურ ტრანსპორტში საფრთხეს, ვინაიდან დღეიდან მასზე მოთხოვნა გაიზარდა, იმნაძემ შემდეგი პასუხი გასცა: „დარჩით სახლში“.


