"თუ ქვეყანაში სიტუაცია დამძიმდება, შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდები გადავადდეს"
18/03/2020 08:25:03 საზოგადოება
"თუ ქვეყანაში სიტუაცია დამძიმდება, შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდები გადავადდეს ან სხვა ალტერნატიული გზა გამოინახოს", - ამის შესახებ საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დეტალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის და უწყება სხვადასხვა გამოსავლის გზების ძიებაშია.
„დეტალურად გამოსავალზე ვერ ვისაუბრებ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სცენარზე ვფიქრობთ, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში 3 თვეში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება. თუ აღმოჩნდება ისე, რომ მასობრივმა თავშეყრამ და ტესტირებამ რაიმე საფრთხე შეიძლება, შეუქმნას ახალგაზრდების ჯანმრთელობას, ჩვენ ამ რისკზე არ წავალთ, იმიტომ, რომ ჯანმრთელობა არის პირველი საზრუნავი და შესაბამისად, გარკვეულ ალტერნატიულ გზებზე ვიფიქრებთ. თუ დამძიმდა მდგომარეობა ყველა სცენარზე შეიძლება, ვიფიქროთ. რა იქნება ეს სცენარი ამაზე ეხლა ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან ადრეა. იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვეულ რეჯიმში წარიმართება, თუმცა თუ ასე არ მოხდა, მაშინ სხვა გზებიც გვექნება მოფიქრებული“, - განაცხადა გორგოძემ.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


