თბილისის ინფექციურში მოთავსებული ორი ახალი პაციენტის კონტაქტები დადგენილია
18/03/2020 07:01:09 საზოგადოება
საქართველოში კორონავიურსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც ეზუგბაია აცხადებს, მათთან მოთავსებული ორივე პაციენტის კონტაქტი დადგენილია.
„შემოგვემატა ოთხი ახალი ინიცირებული დადასტურებული შემთხვევა და სულ გამოდის – 38. აქედან იცით, რომ 31 ჩვენს ცენტრშია. 31-დან ერთი ბინაზე გაშვებული თვითიზოლაციაში. ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთი ჩვენთან დადასტურებული პაციენტის კონტაქტები“, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ორ ახალ პაციენტს აღენიშნებათ ტემპერატურის დაბალი მატება.
ამასთან, ეზუგბაია აცხადებს, რომ ახალი პაციენტები გუდაურის შემთხვევასთან კავშირში არ ყოფილან.
მან დაადასტურა, რომ გუდაურიდან რამდენიმე პირს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა, ყველა მათგანზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
„ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოყვანილ იქნა სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე პირი, თუმცა მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ ნეგატივი იყო“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. ტურისტებს კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, თავიანთ ქვეყანაში აღმოაჩნდათ და ამის შესახებ საქართველოს აცნობეს.
ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს კი გამოხატული სიმპტომები აქვს.


