რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე ექვსი მიმართულება დარჩება
17/03/2020 19:51:30 საზოგადოება
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მოძრავი თერთმეტი ლოტიდან, ხაზზე დარჩება მხოლოდ ექვსი მიმართულება,– ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილისა და რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუას მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მოგეხასენებათ, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება იკრძალება.
„გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობის ნაწილს, განსაკუთრებული აუცილებლობიდან გამომდინარე მაინც უწევს რუსთავიდან თბილისში მგზავრობა, ამ ეტაპზე, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილი ჩვეული გრაფიკით გადაიყვანს მგზავრებს. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მოძრავი თერთმეტი ლოტიდან, ხაზზე დარჩება მხოლოდ ექვსი მიმართულება,
კერძოდ: თოდრიის ქუჩიდან დიდუბისკენ, რკინიგზის სადგურიდან დიდუბისკენ, ძველი ბაზრიდან თბილისის რკინიგზის სადგურუსკენ, მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურისკენ, გმირთა მემორიალიდან ვარკეთილისკენ და ფიროსმანის ქუჩიდან სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში გადაიყვანენ როგორც რუსთავიდან თბილისის, ასევე დედაქალაქიდან რუსთავის მიმართულებით“,– აღინიშნა ბრიფინგზე.
რაც შეეხება შიდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთავში შიდასაქალაქო მარშრუტებზე იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, მთლიანად შეიზღუდება სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება.


