"კორონავირუსი შესაძლოა, მუტაციას განიცდიდეს"
17/03/2020 18:52:41 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსი შესაძლოა, მუტაციას განიცდიდეს.
„კორონავირუსს ძალიან სწრაფი გავრცელების უნარი აქვს და მისი ქცევაც ასევე უცნობია მეცნიერებისთვის. როდესაც ჩინეთში პირველად დაიდო სტატისტიკა, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელიც და რისკ-ჯგუფებიც იყო აბსოლუტურად სხვა. დღეს იტალიაში ეს რიცხვები არის სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ვირუსი მუტირებდეს და უკვე საჭირო არის, მივიღოთ მსოფლიოში დამატებითი ღონისძიებები იმისთვის, რომ ის სტატისტიკა, რომელიც დღეს პოზიტიური არის 39 და 49 წლის მოქალაქისთვის, არ გაუარესდეს და არ გახდეს 14%. აქედან გამომდინარე არის სრული მობიზილიაცია მსოფლიოში გამოცხადებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული. 33 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 7000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 000–ს გადააჭარბა, 80 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.


