„საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ტექნიკურად დღეს მზად ვართ“
17/03/2020 18:34:44 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ქვეყანა ტექნიკურად დღეს უკვე მზადაა“, თუმცა ეს არაა მიზანი.
„ჩვენ ეს [საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება] შეგვიძლია ხვალ, ზეგ... მაგრამ ეს თვითმიზანი არაა. ჩვენ რომ ინსტრუმენტები გვაკლდეს, გამოვაცხადებდით.
ჩვენი ამოცანაა, არანაირი შიში, მხოლოდ ეფექტური მოქმედება. ვცდილობ, მაქსიმალურაც ინფორმირებულები გვყავდნენ მოქალაქეები“,– განაცხადა გახარიამ „რუსთავი 2“–ის ეთერში.
პრემიერის თქმით, მთავრობის რეკომენდაციები, რომლებიც ფართო ჯგუფის, მათ შორის – ექიმებისა და ეპიდემიოლოგების, მსჯელობის ფორმატში მიიღება, ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სრულდება, ხოლო მას შემდეგ, რაც არ შესრულდება, საგანგებო მდგომარეობის საკითხიც დადგება.
როგორც გახარია ამბობს, ამ ეტაპზე მიზანია, შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, რათა ჯანდაცვის სისტემას მიეცეს მეტი საშუალება და დრო, უკვე ინფიცირებულ მოქალაქეებს მაქსიმალურად ეფექტურად უმკურნალონ.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს შევზღუდეთ გარკვეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედება, შეიძლება, მოგვიწიოს კიდევ დამატებითი შეზღუდვები ტრანსპორტის ნაწილში. შესაძლებელია, მოგვიწიოს და ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ისეთ ადგილებში როგორებიცაა - მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ. ჩვენი ამოცანა მარტივია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, იმისთვის, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი საშუალება და დრო უკვე ინფიცირებულ ჩვენს თანამოქალაქეებს უმკურნალონ მაქსიმალურად ეფექტურად“,– განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ეს ზომები კარანტინის რეჟიმში გადასვლას არ ნიშნავს:
„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მათზე ზეწოლა და მიმართვიანობა არ იყოს პიკური, არამედ, იყოს პლატოსებური. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ის ხარისხობრივი ცვლილება მენეჯმენტში, რაც უნდა მოხდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ, ისევე როგორც შეიძლება დავდგეთ ისეთი გამოწვევის წინაშეც, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობა“.


