Accentnews.ge
შამანიდი: „ველით, რომ საბერძნეთიდან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და სახელმწიფო ამისთვის მზად უნდა იყოს“

შამანიდი: „ველით, რომ საბერძნეთიდან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და სახელმწიფო ამისთვის მზად უნდა იყოს“

17/03/2020 14:08:07 პოლიტიკა, საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსი სხვა ქვეყნების მსგავსად გამოწვევად საბერძნეთისთვისაც იქცა, სადაც საქართველოს ათასობით მოქალაქე (200 000–ზე მეტი) ცხოვრობს, მათ შორის – არალეგალურადაც და საკუთარი შრომით წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ თავიანთი ოჯახების, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაშიც.

როგორც „აქცენტს“ საბერძნეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, ნეოგრეცისტი, პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სოფიო შამანიდი უყვება, შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმედ ე.წ. „სტუმარ –მასპინძლობის“ სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებზე აისახა:

„დაკეტილია სასწავლო დაწესებულებები, კაფე–ბარები, სასტუმროები, სილამაზის სალონები, დიდი სავაჭრო ცენტრები და გეგმავენ მცირე მაღაზიების დახურვასაც. ჩვენს დიასპორას საბერძნეთში საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია აქვს: კულტურის ცენტრები, საკვირაო სკოლები... ამჟამად ისინიც რეგულაციებს ექვემდებარებიან და დახურულია. საბერძნეთში ჩვენი მოქალაქეები რეალურად თვითიზოლაციაში არიან, რადგან მათი ნაწილი ოჯახებში მუშაობს და ფაქტობრივად ქუჩაში არც გამოდიან. ამ შემთხვევაში [პანდემიის პირობებში] ეს შესაძლოა, მისასალმებელიც იყოს, მაგრამ ძალიან რთულია: ერთი დღეც კი არ აქვთ პირადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. პრობლემა ჩვენს იმ თანამოქალაქეებს შეექმნათ, რომლებიც ტურისტულ ბიზნესში არიან ჩართულები, განსაკუთრებით, რესტორნებში დასაქმებულებს: ძალიან ბევრი ქართველი რესტორნებში მუშაობს. ცხადია, ისინი ახლა სამსახურის გარეშე დარჩნენ და სავარაუდოდ, მათ საქართველოში დაბრუნება მოუწევთ – ახლა საბერძნეთში სხვა სამსახურის შოვნა ძალიან გართულდება. ამიტომ ველით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ემიგრანტი დაბრუნდება სამშობლოში და სახელმწიფო ამისთვის მზად უნდა იყოს, იქნება ეს დასაქმება, დახმარება...“

რაც შეეხება არალეგალებს, შამანიდი მათთვის საბერძნეთში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით პრობლემებს არ ვარაუდობს:

„საბერძნეთი არალეგალების მიმართ ძალიან ლოიალურია. მაგალითად, მიუხედავად იმისა, ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობ თუ არა, ვალდებული ხარ, შვილი სკოლაში მიიყვანო და პოლიცია ამ საქმეს არ ჩაეძიება – თვალს ხუჭავენ. ამაზე საბერძნეთი წავიდა, რადგან ბავშვების უფლებებს ითვალისწინებენ. ამდენად, არ მგონია, საჭიროების შემთხვევაში საბერძნეთის რომელიმე კლინიკამ სამედიცინო მომსახურეობის გაწევაზე უარი თქვას“.

შამანიდის თქმით, ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაც აქვთ:

„საბერძნეთში საქართველოს საკონსულო მუშაობს და თუ საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს სამშობლოში დაბრუნებისთვის საბუთი დასჭირდა, მსგავსი დოკუმენტების გაცემა ხორციელდება. ამასთან, „ეგეოსის“ ავიახაზებს არ შეუწყვეტია ფრენები“.

შამანიდი საბერძნეთის გამოცდილებიდან საქართველოსთვის საყურადღებო სამ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას:

  • ბებიების და ბაბუების ინსტიტუტი;
  • ეკლესია;
  • სუპერმარკეტები.

„როგორც ქართველები, ისე ბერძნები რთულად ვეგუებით იზოლაციას: ხალხმა სანაპიროებს მიაშურა. შემდეგ სანაპიროები დახურეს. საქართველოს მსგავსად საბერძნეთში ბებიები და ბაბუები აქტიურად არიან ბავშვების აღზრდაში ჩართულნი და მშობლებმა ბავშვები ბებიეა–ბაბუებთან გაუშვეს. მთავრობის მხრიდან გაიცა რეკომენდაცია, მოერიდე მსგავს ქმედებასო.

საბერძნეთში მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან ძლიერია. პრემიერ–მინისტრი არქიეპისკოპოსს შეხვდა, რათა მაქსიმალურად დაიცვან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები. გუშინ, საბერძნეთის დროით 4 საათზე წმინდა სინოდის კრება ჩატარდა. მანამდე მსოფლიო პატრიარქმა ბერძნულ ეკლესიას მიმართა, „ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც სახელმწიფო გვეუბნებაო“. მოგეხსენებათ, აღდგომა ახლოვდება და ეკლესიაში მსახურება თითქმის ყოველდღიურად ტარდება. რადგან საბერძნეთში ხალხმრავალი შეკრებები აიკრძალა (20 კაცზე მეტის ერთად შეკრება აკრძალულია), სავარაუდოდ, ეკლესიაც ამ გზით წავა. იგივეს გათვალისწინება ჩვენც შეგვიძლია.

რაც შეეხება სუპერმარკეტებს, თუ შენობის ფართობი 100 კვ.მ–საა, 10 კაცზე მეტი შიგნით ვერ შედის – საშვებით რეგულირდება“.

შამანიდის დაკვირვებით, ამჟამად საბერძნეთის და არა მხოლოდ გამოწვევა მიგრანტების თემაა:

„საბერძნეთში მიგრანტების ძალიან დიდი რაოდენობაა და ისინი ძირითადად კუნძულებზე, კარვებში ცხოვრობენ. გესმით, რომ თუ მათ შორის ვირუსი გავრცელდა, მათი იზოლირება შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც თურქეთმა მიგრანტებს საზღვარი გაუხსნა, ისინი საბერძნეთის საზღვარს მიაწყდნენ. მართალია, საბერძნეთმა ისინი ქვეყანაში არ შეუშვა, მაგრამ ადამიანები იქ, ღია ცის ქვეშ რჩებიან. ამჟამად ყველა სახელმწიფოსთვის პირველი რიგის ამოცანა საკუთარ მოქალაქეზე ზრუნვაა, ეს ადამიანები კი სრულიად დაუცველები არიან, მათზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ეს მთლიანად ევროკავშირის გამოწვევაა. ჯერ–ჯერობით ევროკავშირის შესაბამის კომისარს არაფერი უთქვამს, რა უნდა გაკეთდეს, თუ ვირუსი მათშიც გავრცელდა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S