სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
16/03/2020 17:56:16 საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ბასილაძე მომხმარებლებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
„მომხმარებლებმა თავი უნდა შევიკავოთ ისეთი პროდუქტისთვის ხელის შეხებისგან, რომლის შეძენასაც არ ვაპირებთ. შეძენილი სურსათი – ბოსტნეული შენახვამდე აუცილებლად სველი წესით უნდა დამუშავდეს. ხოლო სურსათი, რომელიც თერმულ დამუშავებას ექვემდებარება, მივაქციოთ ყურადღება, რომ ის თერმულად კარგადაა დამუშავებული და მხოლოდ ამის შემდეგ მივირთვათ“.
მისივე თქმით, სხვადასხვა სარეალიზაციო ქსელში ბიზნესოპერატორებმა სადეზინფექციო საშუალებები განათავსეს და ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან მომხმარებლებს გამოყენების შესაძლებლობა აქვთ.
ის მოუწოდებს მოქალაქეებს, ნაღდი ფულის გამოყენების შემდეგ ხელები სადეზინფექციო საშუალებებით დაიმუშაონ.
რაც შეეხება ობიექტების კონტროლს, ბასილაძე ამბობს, რომ პროცესი ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება და რეკომენდაციები არსებული ვითარების გათვალისწინებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგაიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით გაიცემა:
„ყველა პროდუქტი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ვამოწმებთ სარეალიზაციო დახლზე განთავსებული სურსათის ვარგისიანობის ვადებს და არის თუ არა შესაბამისად განთავსებული“.
ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პაციენტი საავადმყოფოდან დღეს გაწესეს. მას ორი კვირს განმავლობაში თვითიზოლაციაში მოუწევს ყოფნა. კიდევ ერთი პაციენტი შესაძლოა, ხვალ გაწერონ. ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ამ დროისთვის საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევები გამოჯანმრთელებით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთაგან ოთხი არასრულწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


