ცერცვაძე: „ვვარაუდობთ, რომ ჩვენთან ყველა შემთხვევა გაჯანმრთელებით დასრულდება“
16/03/2020 16:26:52 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინე ენდელაძის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს არ დამძიმებულა.
„დღეს ინფექციური პათოლოგიის ცენტრში დადებითი ემოციების დღეა: პირველი პაციენტი გავწერეთ, რაც გარკვეულ სტიმულს გვანიჭებს და გარდა ამისა, ჩვენს კლინიკაში არც ერთი პაციენტი არ დამძიმებულა – ყველას მდგომარეობა სტაბილურია [თბილისის ინფექციურში 28 პაციენტია]. მძიმეები გვყავს, მაგრამ სტაბილურ და არა განსაკუთრებულად მძიმე, მათი მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესებულადაც კი შეიძლება, ჩაითვალოს. ჩვენი პაციენტებიდან 4 ბავშვია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ითვლებიან მსუბუქ შემთხვევებად“,– განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, დღეს კორონავირუსზე ტესტი ჯამში 18 პირს ჩაუტარდა, მათგან 7–ზე უარყოფითი პასუხია, დანარჩენების შესახებ პასუხები კი გვიან ღამით გახდება ცნობილი.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა პოზიტიური შედეგით დასრულდება.
„რომელ პაციენტთან დაკავშირებითაც ვფრთხილობდით, მან სიმძიმის პიკი გაიარა და გაუმჯობესებისკენ წავიდა. ვვარაუდობთ, რომ ჩვენთან ყველა შემთხვევა გაჯანმრთელებით დასრულდება და ჯერ–ჯერობით სიკვდილის შემთხვევა არ გვექნება. საჩხერეში მყოფი პაციენტები საერთოდ გარკად არიან“,– განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პირი ინფექციური საავადმყოფოდან 19–დღიანი მკურნალობის შემდეგ, დღეს გაწერეს. პროტოკოლის მიხედვით, გაწერილი პირი ორი კვირის განმავლობაში საკუთარ ბინაში თვითიზოლაციაში იქნება. კიდევ ერთი პაციენტი შესაძლოა, ხვალ გაწერონ: მას გვალ განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება.


