„თუ კორონავირუსი ორგანიზმში არ ხვდება, რამდენიმე დღეში იღუპება“
14/03/2020 11:30:09 საზოგადოება
ექიმ დავით ნანობაშვილის შეფასებით, ქვეყანამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეფექტურად იმუშავა, მთავარია ტენდენცია გაგრძელდეს.
„საქართველო პირველ ადგილზე თუ არაა, პირველ ადგილს იყოფს იმ ქვეყნებთან, სადაც სიტუაცია კარგად კონტროლდება, რაც ჩვენი ქვეყნის მწირე რესურსებიდან გამომდინარე, სასწაულის სფერო უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი ფაქტი“,– ამბობს ექიმი.
ის მოქალაქეებს სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს:
„თუ სამხრეთ კორეის მაგალითს აავიღებთ, ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 0,6%–ია, ამიტომაც არაა ხიფათი, მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანები იგნორირებას უკეთებენ საკუთარ ჯანმრთელობას, სოციალურ პასუხისმგებლობას, მაშინ იწყება პრობლემები. ამ ვირუსის დამარცხება ძალიან მარტივია – საკმარისია ქვეყანაში 3–კვირიანი კარანტინი: 2–3 კვირით მასობრივი თავყრილობები და სხვადასხვა ღონისძიებები შევწყვიტოთ და დამიჯერეთ, ვირუსი „შიმშილით კვდება“. თუ ის არ ხვდება ორგანიზმში, რამდენიმე დღეში თავად იღუპება, მით უმეტეს, როდესაც მზე გაძლიერდა. ყველამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი პასუსისმგებლობა. ბევრი სამსახური გადავიდა დისტანციურ მართვაზე. ყველაფერი კარგად მიდის, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი“.
ექიმის აზრით, მათ წინააღმდეგ, ვინც თვითიზოლაციისა და კარანტინის წესებს არღვევენ, მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული:
„გასაკვირია, რომ აქამდე არ დაფიქსირდა მესამეული გადაცემა. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა დადადასტურა, რომ იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა უსიმპტომოდ გადაიტანეს კორონავირუსი. ამის დადასტურება სამხრეთ კორეამ შეძლო. ძალიან მეეჭვება, მსგავსი შემთხვევები საქართველოში არ ყოფილიყო. მგონია, რომ იყო, მაგრამ იმუნური სისტემა როდესაც მწყობრშია, კორონავირუსი ბევრად უფრო იოლად მიდის, ვიდრე გრიპის სხვა სახეობები. ჩვენი სამსახურები მართლა ძალიან კარგად მუშაობენ. ყველაფერი იქნება ბევრად კარგად, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში. იტალიის მოდელს საერთოდ არ განვიხილავ, მაგრამ მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ცუდად იქცევიან, არათუ იძულებით უნდა მოვახვედროთ კარანტინში, სისხლის სამართლის მეთოდებიც უნდა გამოვიყვანოთ“.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის დიაგნოზით 30 პაციენტი მკურნალობს. დაფიქსირდა შიდა გადაცემის შემთხვევაც.


