ცერცვაძემ კორონავირუსის შემთხვევების ზრდისთვის არსებული გეგმა წარადგინა
14/03/2020 10:54:42 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს გარდა ინფექციური საავადმყოფოსა, კიდევ ოთხი კლინიკა მიიღებს,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
„ბოლო პერიოდში სულ ისმებოდა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, "რამდენად მზადაა ავადმყოფების მატების, მით უფრო დტამატული მატებისთვის ჰოსპიტალური სექტორი? არსებობს თუ არა ჰოსპიტალების მზადყოფნის გეგმა და ამ გეგმის ეტაპები და საკმარისი იქნება თუ არა ეს იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც შესაძლოა, საქართველოში ახლო მომავალში წარმოიშვას?" ეს გეგმა იყო, არსებობდა, არც ერთი შეფერხება, რომელიმე შესაძლო პაციენტის დიაგნოსტიკისთვის წარმოქმნილიყო, არ დაფიქსირებულა. პაციენტს ერთ დღეში სრული გამოკვლევა უტარდებოდა.
დღეს მიღებულ იქნა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, რომ აქამდე თუ პაციენტებს იღებდა ინფექციური საავადმყოფო და მხოლოდ საკარანტინო პაციენტებს იღებდნენ სხვა საავადმყოფოები (ჯერ–ჯერობით ეს სრულიად საკმარისია), პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა: ინფექციური საავადმყოფო, საუვერსიტეტო კლინიკა (მთლიანად დაიცლება – 140 საწოლია), რესპუბლიკური საავადმყოფო (სრულიად გამოთავისუფლდება), გორის ჰოსპიტალი (140 საწოლია), პლუს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა (11 საწოლი). ამ ეტაპზე კერძო სექტორს არ აწუხებენ. ყველა ეს კლინიკა სახელმწიფოს მხმრივ მართვას ექვემდებარება და კარგად აღჭურვილი და მომზადებულია. მათი საწოლების რესურსი 440 საწოლია",– განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, მოთხოვნის შესავამისად, მხოლოდ შემდეგ ეტაპზე პროცესებში კერძო სექტორიც ჩაერთვება.
„არსებობს წინასწარი შეთანხმება, რომ მსხვილი ქსელები გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად 3 600 ადგილს და მოთხოვნიდან ორ დღეში ეს ყველა ადგილი დაცლილი იქნება. ეს არის საუკეთესო კლინიკები საუკეთესო პროფესიონალებით. თუ ვნახავთ, რომ ესეც არაა საკმარისი, მაშინ კერძო სექტორი კიდევ ამდენ და მეტ საწოლს გამოათავისუფლებს “,– დასძინა ცერცვაძემ.
რაც შეეხება მედპერსონალის მომზადებას, ცერცვაძის თქმით, „დაიდება გაიდლაინები და ის საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დააგროვა ჩინეთმა, იტალიამ, იქნება თავმოყრილი აქ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან ორი უკავშირდება ირანს, ერთი – ესპანეთს, 12 – იტალიაში მოგზაურობას, 10 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს და ასევე ფიქსირდება შიდაგადაცემის შემთხვევებიც.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვითარება სრულად კონტროლირებადია.


