"კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა"
14/03/2020 06:55:44 საზოგადოება
"ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„გუშინ მივიღეთ მისი ტესტის პასუხი და ის უარყოფითი აღმოჩნდა. პროტოკოლის მიხედვით, 24 საათში ისევ განმეორდება ანალიზი და თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტი შესაძლოა, ხვალვე გავწეროთ", – განაცხადა ეზუგბაიამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი, თუ 24 საათში 2–ჯერ გაკეთებული ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 55 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


