კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს მიმართავს
13/03/2020 20:13:14 საზოგადოება
კომუნიკაციების კომისია მიმართავს მობილურ ოპერატორებს, კორონა ვირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და რეკომენდაცია მოსახლეობას სმს შეტყობინების სახით, მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით მიაწოდონ.
"გამომდინარე კორონა ვირუსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და გამოწვევებისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობას ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით გადამოწმებულ და სწორ ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მოვუწოდებთ ჩვენი რეგულირების სფეროში შემავალ კომპანიებს, არსებულ ვითარებაში გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ვირუსთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაციის, ან არასათანადო სოციალური რეკლამის გავრცელებისგან, რომელიც ოფიციალური უწყებების მხრიდან არ გაკეთებულა"- ნათქვამია მიმართვაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


