ბოლო 24 საათზე მეტია, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა
13/03/2020 19:35:53 საზოგადოება
ბოლო 24 საათზე მეტია, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
„ორი დღეა, ლაბორატორიული კვლევები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიის გარდა, ქუთაისსა და ბათუმში ტარდება. სამივე წერტილში კორონავირუსზე დაახლოებით 35 ნიმუშის გამოკვლევის შემდეგ, ყველა პასუხი უარყოფითა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის რამდენიმე ათეულ ნიმუშს იკვლევენ.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია, ამიტომ ახალი კორონავირუსის შემთხვევები ჩვენს ქვეყანაშიც გაიზრდება, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ და რეკომენდაციები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევათა ზრდა გვექნება, რადგან შემთხვევათა ქვესვლა არის მხოლოდ ჩინეთში, ხოლო ყველგან ჩინეთს გარეთ და უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია. ინფექციის შემთხვევა ჩინეთთან ერთად გახლავთ უკვე 140 000, ანუ 60 000 შემთხვევა დაფიქსირდა უკვე ჩინეთს გარეთ. დღეს, ყველა ქვეყანაში ფიქსირდება სერიოზული ზრდა, ანუ ეპიდსიტუაცია უარესდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას იმიტომ, რომ ამ ინფექციას მსოფლიო დაძლევს. ერთადერთი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ რამდენიმე მიმართულებით. ერთი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ინფექციის შემოტანა და აუცილებლად დავიცვათ საკარანტინო, ასევე თვითიზოლაციის პირობები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


