თენგიზ ცერცვაძე:"კორონავირუსის ბევრი შემთხვევა გვექნება, მაგრამ იქნება კონტროლირებადი"
13/03/2020 15:16:29 საზოგადოება
კორონავირუსის ბევრი შემთხვევა გვექნება, მაგრამ იქნება კონტროლირებადი, რადგან შიდა გადაცემა ჯერჯერობით არის ერთეული და არ ფიქსირდება მესამეული და მეოთხეული გადაცემა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სპეციალისტები თვლიან, რომ როდესაც ინფექციას მეოთხე პირი სხვას გადასცემს, იქ ეპიდემია შეიძლება უკონტროლო გახდეს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


