საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
13/03/2020 12:14:38 საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 000 ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამ კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში“.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


