Accentnews.ge
Soroptimist International: გლობალური მიზნები და ქართველი წევრის ისტორია

Soroptimist International: გლობალური მიზნები და ქართველი წევრის ისტორია

21/03/2026 19:29:00 ინტერვიუ, საზოგადოება

ქალთა გაძლიერება მხოლოდ გლობალური დღის წესრიგის ნაწილი არ არის — ეს არის გამოცდილებაზე, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პროცესი. Soroptimist International, რომელიც მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს, აერთიანებს ქალებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ სხვების ცხოვრების გაუმჯობესებაზეგანათლების, ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გზით.

სტატიაში გაერთიანებულია Soroptimist International Staten Island Club-ის პრეზიდენტის, ორგანიზაციის ქართველი წევრისა და მმართველი საბჭოს წარმომადგენლის ხედვები — რაც ერთიან სურათს ქმნის გლობალური მისიის, პირადი გამოცდილებისა და ადგილობრივი გავლენის შესახებ.

ჩვენი მთავარი მისიაა ქალებისა და გოგოების ცხოვრების გაუმჯობესება განათლების გაძლიერების გზით,“ — ეუბნებააქცენტს“ Soroptimist International Staten Island Club-ის პრეზიდენტი, თინა ბილჩერ მერფი.

ქალბატონო თინა, როდის და რა იდეით დაარსდა Soroptimist International?

Soroptimist-ის იდეა ჩამოყალიბდა 1921 წელს, ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლის პერიოდში. პირველი კლუბი დააარსა დუბლინელმა სტიუარტ მოროუმ, რომელიც ოპტიმისტთა კლუბის წევრებს ეძებდა და ამ მიზნით ქალების მიერ დაარსებულ სამდივნო სკოლას მიმართა.

რა არის ორგანიზაციის ძირითადი მისია და მიზნები დღეს?

დღეს ორგანიზაციის მთავარი მისიაა ქალებისა და გოგოების ცხოვრების გაუმჯობესება განათლების ხელშეწყობის გზით.

რამდენ ქვეყანაში მოქმედებს ორგანიზაცია და დაახლოებით რამდენ ქალს დაეხმარეთ არსებობის განმავლობაში?

Soroptimist თავდაპირველად ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო 1928 წელს შეიქმნა Soroptimist International. დღეს ორგანიზაცია 121 ქვეყანაში ფუნქციონირებს და ყოველწლიურად დაახლოებით 48,000 ქალს ეხმარება.

რა ტიპის პროგრამებს სთავაზობთ დახმარების საჭიროების მქონე ქალებს?

ჩვენ ვთავაზობთ „Dream“ პროგრამებს როგორც სასკოლო, ისე კოლეჯის დონეზე:

·         Dream It, Be Itპროგრამა დაიწყო 2015 წელს და უკვე მოიცავს 138,000-ზე მეტ მონაწილეს;

·         Live Your Dream Awardპროგრამა დაიწყო 1972 წელს და დაეხმარა 47,000-ზე მეტ ქალს.

ეს პროგრამები ქალებს სიღარიბისა და ოჯახური ძალადობის დაძლევაში ეხმარება, გრანტებისა და საგანმანათლებლო სტიპენდიების მეშვეობით.

შეგიძლიათ გაიხსენოთ ქალის ისტორია, რომლის ცხოვრებაზეც თქვენი ორგანიზაციის დახმარებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა?

რამდენიმე წლის წინ შევხვდით „Live Your Dream“ ჯილდოს რეგიონულ გამარჯვებულსმისი ამბავი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო. ის ვეტერანი იყო, რომელსაც მოძალადე ქმარმა ძალიან ახლო მანძილიდან სახეში ესროლა, რის შედეგადაც თვალი დაკარგა. მიუხედავად ამისა, მან შეძლო ძალადობრივი ურთიერთობიდან თავის დაღწევა და შვილების დაცვა, შემდეგ კი განათლების გაგრძელება სწორედ ამ პროგრამის მხარდაჭერით.

რა მდგომარეობაში არიან ქალები დღეს და რა არის ყველაზე მწვავე პრობლემები?

დღეს ქალებისა და გოგოების წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური უთანასწორობაა. კერძოდ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების არასაკმარისი დონე, რაც განპირობებულია სიღარიბით, ანაზღაურების უთანასწორობით და განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობით.

როგორ შეუძლიათ ქალებს ჩაერთონ პროგრამებში და მიიღონ დახმარება?

არსებობს განაცხადის წარდგენის პროცესი, კონკრეტული მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით, რომლებიც მითითებულია თითოეული კლუბის ვებგვერდზე, ასევე Soroptimist of the Americas-ისა და Soroptimist International-ის ოფიციალურ პლატფორმებზე.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ქალების ჩართულობა?

სხვადასხვა კულტურის ქალების ჩართულობა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მრავალფეროვანი პერსპექტივები ჩვენს გავლენას უფრო ძლიერსა და მნიშვნელოვანს ხდის. როდესაც განსხვავებული გამოცდილების მქონე ქალები ერთიანდებიან, ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ვაფართოებთ ხედვას და ვქმნით გადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურად ასახავს იმ საზოგადოებებს, რომელთაც ვემსახურებით.

რა როლი შეუძლიათ შეასრულონ იმიგრანტ ქალებ ადგილობრივი თემების გაძლიერებაში?  და აქვე მინდა გკითხოთ ორგანიზაციის ქართველი წევრის შესახებთქვენი აზრით, რა მაგალითს აძლევს ლია კილაძე სხვა ქალებს, განსაკუთრებით იმიგრანტ ქალებს?

მრავალფეროვანი კულტურების ჩართულობა მხოლოდ ღირებულება კი არ არისეს არის განვითარების და რეალური გავლენის მთავარი საფუძველი. ლიას წევრობა ჩვენი კლუბისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ის ჩვენი კლუბის მნიშვნელოვანი აქტივიამოაქვს მდიდარი კულტურული პერსპექტივა, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს საქმიანობას. დიდი ინტერესით ველით, რომ უფრო ახლოს გავიცნოთ მისი კულტურული წრეები და ვიპოვოთ გზები მათი Soroptimist-თან დასაკავშირებლად, რათა გავაფართოოთ ჩვენი გავლენა და შედეგები.

როგორ აფასებთ მის როლსა და წვლილს ორგანიზაციის საქმიანობაში?

ლიას მიდგომა წევრობის მიმართ აქტიური და ჩართულობაზე ორიენტირებულია. ის არის გონიერი და ძლიერი მოხალისე, რომელიც მუდმივად ერთვება პროცესებში და თითოეულ ღონისძიებაში მონაწილეობს მაღალი პასუხისმგებლობითა და განსაკუთრებული მონდომებით.

Soroptimist International-ის საქმიანობის არსი არა მხოლოდ მის პროგრამებში, არამედ იმაშიც ჩანს, როგორ აღიქვამენ და გამოცდილებად აქცევენ მას თავად წევრები.

ქალთა მხარდაჭერა ყველაზე ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც ის კოლექტიურ ფორმას იღებს,“ — ამბობსაქცენტთანსაუბარში საზოგადოებრივი განვითარების ექსპერტი, სოციალური მეწარმეობის მკვლევარი და პრაქტიკოსი, ორგანიზაციის ქართველი წევრი ლია კილაძე.  

ქალბატონო ლია,  რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია, რომ ქალთა მხარდაჭერის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყავით?

ჩემთვის ქალთა გაძლიერება არასოდეს ყოფილა მხოლოდ ღირებულება, ეს არის პრაქტიკული საქმიანობის ნაწილი, რომელსაც წლებია ვახორციელებ როგორც მკვლევარი, ისე სოციალური პროექტების ხელმძღვანელი. საქართველოში, ქუთაისისსოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქუთაისი-კოლხასკლუბში წევრობამ (2019 წლიდან) მაჩვენა, რომ ქალთა მხარდაჭერა ყველაზე ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც ის კოლექტიურ ფორმას იღებს. ამერიკაში ჩამოსვლისთანავე გავწევრიანდი Soroptimist International-ის სტეიტენ აილენდის კლუბში, სადაც თავიდანვე ისეთი სითბოთი და გულწრფელობით მიმიღეს, რომ თავი საკუთარ ოჯახში ვიგრძენი.

თქვენი გამოცდილებით, რა ტიპის დახმარება სჭირდებათ ქალებს ყველაზე ხშირად?

ჩემი გამოცდილებით, ქალებს არც უნარები და არც მოტივაცია არ აკლიათ, უმეტესად, მათ არა აქვთ წვდომა შესაძლებლობებზე. ეს ხშირად ძალიან პრაქტიკულ საჭიროებებში გამოიხატება: მაგალითად მენტორი, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება; პროფესიული კონტაქტები, რომლებიც კარიერული გზის გაკვლევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ; ან ფინანსური მხარდაჭერა, რათა დაიწყონ ის, რაც უკვე დიდი ხანია სურთ.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალები დგანან უფრო მძიმე რეალობის წინაშე და უწევ გამკლავება ძალადობასთან, საზოგადოებისგან გარიყულობასთან ან იმ მდგომარეობასთან, როცა უბრალოდ არავინ ჰყავ, ვისაც დახმარებისთვის მიმართავენ. ასეთ დროს ქალი არა მხოლოდ რესურსების, არამედ უსაფრთხო სივრცისა და მხარდაჭერის გარეშე რჩება. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ვარდებიან ის ქალები, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. მათ ერთდროულად უწევთ პასუხისმგებლობის აღება როგორც საკუთარ, ისე შვილების მომავალზე. ეს პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებების მიღებას კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან გაურკვევლობა და მომავლის შიში არამხოლოდ პირად, არამედ შვილების კეთილდღეობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

ხშირად, ასეთ დროს ქალები ცდილობენ რომ პრობლემებს, საკუთარი ძალებით, ჩუმად გაუმკლავდნენ. გარედან შესაძლოა ყველაფერი მოწესრიგებულადაც კი ჩანდეს, თუმცა რეალურად ისინი სერიოზულ ბარიერებს აწყდებიან. ეს ბარიერები მათ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვს უჩენს და კიდევ უფრო ზრდის მოწყვლადობას.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზებული მხარდაჭერა. სოროპტიმისტ ქალთა კლუბი, არის სივრცე, სადაც ქალები მარტო არ რჩებიან, აქ მათი  ინდივიდუალური ძალისხმევა კოლექტიურ ძალად გარდაიქმნება.

როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევებს აწყდებიან ემიგრანტი ქალები ამერიკაში?

ჩემი დაკვირვებით, გარდა ოჯახის წევრების და ახლობლების მონატრებისა, ემიგრანტი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა, საკუთარ პროფესიული იდენტობის ხელახალი ჩამოყალიბებაა. ბევრ მათგანს აქვს განათლება და გამოცდილება, რომელიც ახალ გარემოში ვერ რეალიზდება. ამასთან ერთად არსებობს ენობრივი, კომუნიკაციის ბარიერები, სოციალური კაპიტალის ნაკლებობა, შრომით ბაზარზე შესვლის სირთულე, კულტურული ადაპტაციის წნეხი და ხშირად, პასუხისმგებლობების გაორმაგება, სადაც ოჯახი და ეკონომიკური თვითკმარობა თანაბარმნიშვნელოვანია.

რას ნიშნავს თქვენთვის ქალთა სოლიდარობა და ერთმანეთის მხარდაჭერა?

ჩემთვის ქალთა სოლიდარობა არის გააზრებული არჩევანი. ეს არის უარი თქმა კონკურენციის იმ მოდელზე, რომელიც ქალებს ერთმანეთის წინააღმდეგ აყენებს, და ამის ნაცვლად ვითარდება ურთიერთგაძლიერებაზე დაფუძნებული სისტემა. ეს ნიშნავს: ერთმანეთის წარმატების აღიარებას და გაძლიერებას, რესურსების გაზიარებას, გამოცდილების გადაცემას და საჭირო დროსერთმანეთის დაცვას.

რეალურ ცხოვრებაში სოლიდარობა სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც ქალი არ რჩება მარტო კრიტიკულ ეტაპზე, იქნება ეს პროფესიული, სოციალური თუ პირადი გამოწვევა.

რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა რთულ მდგომარეობაში არიან და დახმარების გზებს ეძებენ?

პირველ რიგში ვეტყოდი, რომ დახმარების მოთხოვნა არის ძალის გამოვლენა, არა სისუსტე. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ქალებმა შეიძლება დაუშვან, არის იზოლაციაში დარჩენა. ჩემი გამოცდილებით, ცვლილება იწყება საკუთარ თავთან პრობლემის აღიარებით, თუნდაც ერთი ადამიანისაგან დახმარების ძიებით და მცირე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმით.

„Ruby Award ენიჭებათ იმ ქალებს, რომლებიც განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენენ სხვების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და საკუთარი მაგალითით სხვებსაც შთააგონებენ,“ — ეუბნებააქცენტსენჯი დეპომპო სეფი, ღონისძიების ორგანიზატორი და  Soroptimist International Staten Island Club-ის მმართველი საბჭოს წევრი

ქალბატონო ენჯი, რა არის „Ruby Awards“ და რა მნიშვნელობა აქვს ამ ჯილდოს?

Ruby Award- Soroptimist-ის წევრები ანიჭებენ იმ ქალებს, რომლებიც განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენენ სხვების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. კერძოდ, ეს ჯილდო გადაეცემათ ქალებს, რომლებიც საკუთარი ქმედებებით შთააგონებენ და ამხნევებენ სხვებს. ჯილდო დაარსდა იმ მიზნით, რომ აღიაროს ამ ქალების მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე და დაკავშირებულია ისეთ ღირებულებებთან, როგორიცაა სიბრძნე, ძალა და სიყვარული.

რა კრიტერიუმებით არჩევთ ჯილდოს მიმღებ ქალებს? რამდენი ქალი დაჯილდოვდა წელს და რომელ სფეროებში არიან ისინი აქტიურები?

ქალები შეირჩევიან საზოგადოების წევრების მიერ, საზოგადოებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართული საქმიანობის საფუძველზე. წელს გვყავდა ექვსი ლაურეატი, მათგან ერთ-ერთი იყო ახალგაზრდა ლაურეატი. ისინი აქტიურობენ მრავალ სფეროში და ჩართულნი არიან არაერთ ორგანიზაციაში, რის გამოც რთულია მათი საქმიანობის ერთ კონკრეტულ სფეროზე დაყვანა.

რა იყო ამ წლის ღონისძიების ორგანიზების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა?

ყოველ წელს ვცდილობთ, წინა წლის შედეგებს გადავაჭარბოთროგორც შეგროვებული თანხების მოცულობით (რომლებიც სტიპენდიებისთვის გამოიყენება), ისე დამსწრეთა რაოდენობით. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიზნესებიდან დონაციებისა და სასაჩუქრე ბარათების მოზიდვაა. მუდმივად ვცდილობთ ახალი და ინოვაციური იდეების მოძიებას ამ მიზნის მისაღწევად.

რას ნიშნავს თქვენთვის ქალების მხარდაჭერა დღევანდელ საზოგადოებაში?

ქალების მხარდაჭერა ნიშნავს მათი უფლებების აქტიურ დაცვას, მათი მიღწევების აღიარებას და ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე მუშაობას, სადაც ყველას, სქესის მიუხედავად, ექნება თანაბარი შესაძლებლობები და პატივისცემა. ეს გულისხმობს იმ სისტემური ბარიერების აღიარებას, რომლებსაც ქალები წარსულშიც და დღესაც აწყდებიან, და მათ დასაძლევად აქტიურ მოქმედებას. ნამდვილი მხარდაჭერა ნიშნავს ქალების მოსმენას, მათი გამოცდილების გათვალისწინებას, გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პოლიტიკის მხარდაჭერას და სხვადასხვა სოციალური ფონის მქონე ქალების წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებას.

რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული მრავალფეროვნება თქვენი ორგანიზაციისთვის და რას ნიშნავს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან ქალები ერთიან მიზანს ემსახურებიან?

კულტურული მრავალფეროვნება უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ამდიდრებს საზოგადოებას განსხვავებული ხედვებით, ღირებულებებითა და პრაქტიკებით, რაც ქმნის უფრო ინკლუზიურ და სამართლიან გარემოს. როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან ქალები ერთიან მიზანს ემსახურებიან, ეს ასახავს მრავალფეროვანი კულტურების ერთიანობისა და თანამშრომლობის ძალას. ასეთი თანამშრომლობა ქმნის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, აძლიერებს პრობლემების გადაჭრის უნარს და ხელს უწყობს უფრო ჰარმონიული გლობალური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

როგორ შეაფასებდით ორგანიზაციის ქართველი წევრის, ლია კილაძის საქმიანობას?

ლია კილაძე, როგორც ჩვენი ორგანიზაციის ახალი წევრი, ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.

 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S