როგორ აანაზღაურებენ სკოლები გაცდენილ სასწავლო დღეებს
12/03/2020 11:54:42 საზოგადოება
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო განსაზღვრავს გეგმას, თუ რა ფორმით განახორციელებს სკოლა გაცდენილი საათების ანაზღაურებას.
ეკატერინე დგებუაძის თქმით, აღნიშნულის შემდეგ უწყება სკოლებს რეკომენდაციით მიმართავს, შემდეგ კი თითოეული სკოლა გადაწყვეტს, ეს რეკომენდაციები როგორ და რა ფორმით გაითვალისწინოს.
„შესაძლებელია, გამოყენებული იქნას შაბათი დღე, შესაძლებელია, დამატებული იყოს გაკვეთილები. ამ მიმართულებით ჩვენ სკოლას თავისუფალ, მოქნილ გრაფიკს მივცემთ“, – განაცხადა დგებუაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო არდადეგები 2 მარტს დაიწყო და 16 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის საფრთხის გამო არდადეგები 1 აპრილამდე გაახანგრძლივეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული. 24 ინფიცირებული პაციენტიდან 21 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 18 დაინფიცირდა.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4300–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 118 000–ს გადააჭარბა. 69 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


