გამყრელიძე კერძო კლინიკებს მიმართავს: „მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა და ახლა მთავარია სოლიდარობა“
12/03/2020 11:15:25 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას პროგნოზირებს და აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო კლინიკების მფლობელებს მიმართავს.
„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი, მზად უნდა იყოს კერძო სექტორი. დღეს საქართველოში კლინიკების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებ მათ მფლობელებს და მმართველებს, რომ ამ დროს მთავარია სოლიდარობა, ე.წ. საზოგადოებრივ-კერძო ურთიერთობები. „მე კერძო ვარ და არ მივიღებ ავადმყოფს“ - მიუღებელია ასეთი მიდგომა“, - განაცხადა გამყრელიძემ „ქრონიკის“ ეთერში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული. 24 ინფიცირებული პაციენტიდან 21 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 18 დაინფიცირდა.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4300–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 118 000–ს გადააჭარბა. 69 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


